საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. 26 სექტემბერს აზერბაიჯანში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა საპრეზიდენტო მანდატის გახანგრძლივებას ეხებოდა. რეფერენდუმის შედეგების თანახმად, პრეზიდენტის უფლება-მოსილების გახანგრძლივებას მხარი ამომრჩეველთა 91, 2 პროცენტმა დაუჭირა. ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს.
რეფერენდუმის კრიტიკოსები განმარტავენ, რომ აღნიშნული შედეგები ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2003 წლიდან იკავებს, უპრეცედენტო უფლება-მოსილებებს მიანიჭებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი ევროპის საბჭომაც გააკეთა და განმარტა, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიულობის განვითარების ხელს უშლის.
ილჰამ ალიევი აღნიშნულ თანამდებობას მამის გარდაცვალების შემდეგ, 2003 წლიდან, იკავებს. 2008 წელს მან ისევ გაიმარჯვა არჩევნებში, 2009 წელს კი ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პირს 2-ის ნაცვლად 3-ჯერ შეეძლო. სწორედ ამის შემდეგ ალიევი პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.
26 სექტემბერს აზერბაიჯანში ჩატარებული რეფერენდუმი 29 საკონსტიტუციო ცვლილებას ეხებოდა, რომელთაგან ზემოაღნიშნული საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. რეფერენდუმის შედეგად, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის მანდატი 5-დან 7 წლამდე გაიზრდა.