საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნის წინააღმდეგ გამოდის. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა ბრატისლავაში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ფელონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნა ნატო-ს როლს შეასუსტებს.
“ნატო უნდა დარჩეს ჩვენი და ევროპის თავდაცვის ქვაკუთხედად”, - განაცხადა მაიკლ ფელონმა.
ბრატისლავაში მიმდინარე შეხვედრაზე საფრანგეთი და გერმანია აპირებენ, სამხედრო თანამშრომლობის გარღმავევბის ინიციატივით გამოვიდნენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა უკვე განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს აღნიშნულ საკითხზე ვეტოს უფლება არ აქვს. თუმცა თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ერთიანი ევროპული თავდაცვის სტრუქტურის შექმნას ეწინააღმდეგება. ამასთან, ფელონი ამბობს, რომ ლონდონი ევროპული უსაფრთხოების იდეის ერთგული რჩება, ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად.
“თუმცა ჩვენ წინააღმდეგობას გავუწვეთ ევროკავშირის ერთიანი არმიისა და ევროპული შტაბების შექმნას, რაც ნატო-ს დააზარალებს”, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.