საქართველო, 27 სექტემბერი საქინფორმი. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში გაიხსნა 5600 საარჩევნო უბანი, რომლებიც ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 19:00 საათამდე იმუშავებენ. რეგისტრირებულია 5,26 მილიონი ამომრჩეველი. ცესკო-ს მონაცემებით, ერთი ათას საარჩევნო უბანზე სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.
რეფერენდუმში მონაწილეობას შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეებიც. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საარჩევნო უბნები 29 ქვეყანაშია გახსნილი.
აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ რეფერენდუმის აქტი 29 პუნქტისგან შედგება.
ილჰამ ალიევის მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, იგეგმება საპრეზიდენტო ვადის ხუთიდან შვიდ წლამდე გაზრდა, ასევე ვიცე–პრეზიდენტების თანამდებობების შექმნა. პრეზიდენტი მიიღებს პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის უფლებას.
ამას გარდა, საკონსტიტუციო რეფორმის პროექტის თანახმად, გაუქმდება პრეზიდენტობის კანდიდატისთვის დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა.
აზერბაიჯანის საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რეფერენდუმი შედგება, თუ მასში ამომრჩეველთა 25 პროცენტზე მეტი მიიღებს მონაწილეობას.
დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში რეფერენდუმი მესამედ იმართება.