სამართალი
„ლალი მოროშკინა იაფფასიანი პიარ-კამპანიით ცდილობს, საკუთარი კანდიდატურის დაბალი რეიტინგი აიმაღლოს“ - სოფო კილაძე

  საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფო კილაძე  ავრცელებს მიმართვას „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლალი მოროშკინას ბრალდებებზე თავისი შტაბის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცემის ფაქტთან დაკავშირებით:

 “ბოლო პერიოდში ხშირად მესმოდა ოპონენტის მიერ ჩემი მისამართით გავრცელებული არაერთი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაცია, მაგრამ არასდროს ჩამითვლია საჭიროდ, მეპასუხა იმ უსაფუძვლო და პროვოკაციულ განცხადებებზე, რომლებიც წინასაარჩევნოდ იაფფასიან პიარ კამპანიას ემსახურებოდა. ლალი მოროშკინა ამ გზებით ცდილობს, საკუთარი კანდიდატურის დაბალი რეიტინგი და დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მსგავსი მეთოდებით აიმაღლოს. თუმცა, დღევანდელი შემთხვევა იმ გამონაკლისს წარმოადგენს, რომლის უპასუხოდ დატოვება მართებულად არ მივიჩნიე, ვინაიდან საქმე ახალგაზრდის ჯანმრთელობასა და მასზე ძალადობას ეხება. ოპონენტი ცდილობს, საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს, რაც ჩემთვის მიუღებელია.

 მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რაც შეიძლება დროულად გამოიძიონ აღნიშნული საქმე და კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღონ. აქვე მინდა აღვნიშნო და ოპონენტებს შევახსენო, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება  - დემოკრატიული საქართველო“ არის სწორედ ის ძალა, რომელმაც შექმნა ისეთი წინასაარჩევნო მოცემულობა და გარემო, სადაც თითოეულ პარტიას და მის მაჟორიტარობის კანდიდატს საშუალება აქვს, ამომრჩეველს შესთავაზოს საკუთარი პროგრამა და ხედვები, ყოველგვარი შეზღუდვისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე“.