სამართალი
„ეს იყო დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ“ - ირაკლი ალასანია

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ “ტვ. პირველის” პირდაპირ ეთერში გასულ ფარულ ჩაწერებთან  დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 “როდესაც თავდაცვის სამინისტროში დავიწყეთ სამხედრო პოლიციის დეპოლიტიზაცია, იქ  უმძიმესი სურათი და დანაშაულებრივი ქმედებები დაგვხვდა. სამხედრო პოლიცია სავსე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. მაშინვე  გადავუგზავნეთ პროკურატურას, მაგრამ არცერთი საქმე არ არის დღემდე გამოძიებული.  მე და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ველოდებოდით, რომ გამოევლინათ, ვინ ახორციელებდა ამ საშინელი ჩანაწერების გავრცელებას.  ველოდით,  კონკრეტულად დაესახელებინათ, რომელი პიროვნება, ქვედანაყოფი, თანამდებობის პირი იყო პასუხისმგებელი ასეთი გაუგონარი ჩანაწერების ჩაწერა-შენახვაზე.  პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ იმ ხელისუფლებას ეკუთვნის, გასაგებია, მაგრამ კონკრეტული ადამიანები თუ არ დაისაჯნენ, სხვა დროსაც გაბედავს რომელიმე პოლიტიკური ძალა იგივეს, - განაცხადა ალასანიამ.

 “რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, ეს იყო ის ნუსხა, რომელიც  წარმომიდგინეს. პირადად მე არ მინახავს, არც მქონდა სურვილი და არც უფლება, რომ ეს კადრები მენახა. გადავუგზავნე პროკურატურას და მოვთხოვე გამოძიება. ყოველ სამ თვეში ვკითხულობდი, თუ როგორ მიდიოდა გამოძიება, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ვიცოდი, რომ ასეთივე მასალები იყო შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ის რეჟიმი ამას სჩადიოდა... ეს იყო, ჩემი აზრით, დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ, მაგრამ არანაკლებ დამნაშავეა ის სტრუქტურა, ის ორგანიზაცია ან ჯგუფი, ვინც ამ მასალების გავრცელება დაიწყო”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.