უცხოეთი
”თუ დადგინდება, რომ ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე ავიადარტყმა განზრახ განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულის ტოლფასი იქნება” - გაერო

  საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. თუ დადგინდება, რომ სირიაში განხორციელებული ავიადარტყმა განზრახ იყო მიმართული ჰიმანიტარული კოლონის წინააღმდეგ, ეს სამხედრო დანაშაულის ტოლფასი იქნება. ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარული ოპერაციების ხელმძღვანელმა სტივენ ობრაიანმა განაცხადა.

გაერო-ს წარმომადგენელმა სირიის ქალაქ ალეპოსთან ჰუმანიტარული ავტოკოლონის დაბომბვას  შოკისმომგვრელი და შემზარავი უწოდა.

სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალრმა წარმომადგენელმა  სტეფან დე მისტურამ მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა.

გაერო-ში აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტოკოლონის გაგზავნა კონფლიქტის მხარებთან ინტენსიური მოლაპრაკებების შედეგად გადაწყდა. სატვირთო მანქანები მონიშნული იყო როგორც ჰუმანიტარული ტრანსპორტი. გაერო მომხდარის გამოძიებას ითხოვს.

სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტების ინფორმაციით, ავიადარტყმა სირიულმა ან რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა განახორციელეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავიაიერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის "საერთაშორისო წითელი ჯვრის" სირიის განყოფილების წარმომადგენელი.

ალეპოში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი რაიონებისკენ 31 სატვირთო მანქანა მიემართებოდა. ავიადრტყმის შედეგად 18 მანქანა დაზიანდა.