პოლიტიკა
”ჩვენ უნდა დავამკვიდროთ პოლიტიკაში ახალი თანამედროვე სტანდარტები, დავასრულოთ დაპირისპირება, გათითოკაცებული საქართველო” - კახი კალაძე

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია და ზუგდიდის 65- ოლქის, მეორე ზონის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, თაზო ფაცაცია  წარუდგინა.

 „მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ ბრძოლისთვის, რაც ჩვენ, ყველამ ერთად, დავიწყეთ 2011 წელს, მაშინ, როდესაც ყველა ერთად დავირაზმეთ, გავერთიანდით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, პარტია „ქართული ოცნების“ ირგვლივ და მოვდივართ. ძალიან ბევრი რთული ბარიერის გადალახვამ მოგვიწია, მაგრამ ღირსეულად გამოვიარეთ ეს წლები“, - აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

 „გაძლევთ პირობას, რომ ზუსტად ის გუნდი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ჰქვია, თითოეული თქვენთაგანის თანადგომით,  გავაკეთებთ იმას, რომ   საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც ძალადობდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. ძალადობდნენ განსხვავებული აზრის გამო, ძალადობდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და დღეს თითოეული ჩვენგანი არის თავისუფალი. განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ქვეყანაში არ იდევნებიან“, - დასძინა მან.