საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. გეგმიურ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი 2017 წელს სამი-ოთხი კვირით, ხოლო 2018 წელს სამი-ოთხი თვით დაიკეტება. „ჩერნომორენერგო“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს ადასტურებს და აცხადებს, რომ ელექტროენერგიის წარმოების დროებით შეჩერება აუცილებელია, რათა მოხდეს სადერივაციო გვირაბის გარემონტება, რომლითაც წყალსაცავიდან წყალი ტურბინებს მიეწოდება.
ჩერნომორენერგოს განცხადებით გვირაბის მთლიანობის დარღვევის გამო იკარგება დიდი რაოდენობით წყალი, რაც უარყოფითად მოქმედებს ჰიდროელექტროსადგურის ეფექტურ მუშაობაზე. ამასთანავე სარემონტო სამუშაოების ჩატარება აუცილებელია იმისათვისაც, რომ თავიდან იქნეს აცილებული კაშხალზე კატასტროფა.
მხარეები ასევე განიხილავენ სამუშაოების მიმდინარეობისას აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის კომპენსაციის შესაძლებლობებსაც. აღნიშულ თემაზე ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ კომენტარი 2015 წელს გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, ელექტროენერგიით მოარაგოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები.
ენგურის ჰიდროელექტროსადგური —ამიერკავკასიაში უდიდესი ჰესია. მდებარეობს მდინარე ენგურზე. აშენდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგენილი სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.