აქტუალური
„დავით უსუფაშვილს მენეჯმენტზე წარმოდგენა არ აქვს“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” რესპუბლიკელების და დავით უსუფაშვილის მიმართ აუტანლობა იყო და ასეთ პირობებში ის უსუფაშვილს პრემიერობას არ შესთავაზებდა. 

 ”პარტიის ყველა წევრი აღშფოთებას გამოხატავდა ამ პარტიის მიმართ. როდესაც დავით უსუფაშვილს რესპუბლიკური პარტიის დატოვებას ვთავაზობდი, ვეუბნებოდი, იქნებ ამდენი დესტრუქცია აღარ იყოს-თქო. მხოლოდ ამ ტიპის საუბრები მქონდა და არა პრემიერობაზე შეთავაზება. მენეჯმენტში წარმოდგენა არ აქვს უსუფაშვილს. იცის, როგორი აუტანლობა იყო რესპუბლიკური პარტიის მიმართ და როგორ წარმოუდგენია, რომ რესპუბლიკელებისთვის შემეთავაზებინა ქვეყნის მართვა? ამ პირობებში უსუფაშვილი თუ გახდებოდა პრემიერი, ხომ დაინგრეოდაქართული ოცნებამთლიანად და გადაირეოდა საზოგადოება? ასეთ ალოგიკურ სიცრუეს იტყვის ის კაცი, ვინც მენეჯმენტი არ იცის”, - განაცხადა ივანიშვილმა. 

 ბიძინა ივანიშვილმა დავით უსუფაშვილი დახურული შეხვედრიდან ინფორმაციის გატანისთვისაც გააკრიტიკა. 

 ”დახურული შეხვედრები იმ ქვეყნებს შორისაც კი იმართება, რომლებიც ერთმანეთთან საომარ სიტუაციაში არიან და ასეთი შეხვედრებიდან ინფორმაცია არ გამოაქვთ. მე როდესაც გავაკრიტიკე რესპუბლიკური პარტია, არცერთი შიდა ინფორმაცია არ გამომიტანია და ეს არის მიღებული ნორმა. თუ ის ამით ცდილობს ხმების მოპოვებას, ისინი საბოლოოდ განულდებიან”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.