აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

 „წინასაარჩევნო გარემოს შესწავლისა და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს მთავრობამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის: ეუთო- საპარლამენტო ასამბლეა, ნატო- საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, არაბთა ლიგა, აფრიკის კავშირი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და სხვა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი.

 PACE-ს წინასაარჩევნო მისიას ხელმძღვანელობს ემანუელის ზინგერისი - ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი (EPP/CD). მისიის შემადგენლობაში ასევე შედიან: ფრანგი დეპუტატი სოციალისტების ჯგუფიდან მარივონ ბლონდინი; ესპანელი დეპუტატი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE) ჟორდი ჩუკლა; ნორვეგიელი ინგებიორგა გოდსკესენი ევროპის კონსერვატიული ჯგუფიდან; გერმანელი დეპუტატი ანდრეი ჰუნკო გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ჯგუფიდან; ასევე ლატვიელი დეპუტატი ბორის სილევიჩი სოციალისტების ჯგუფიდან, შვედი კერსტინ ლუნდგრენი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE).