რელიგია
„ადამიანს სულიერი ხედვა უნდა ჰქონდეს!“ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეს საკვირაო ქადაგება (11.09.2016)

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. 11 სექტემბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

 „უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. დღევანდელ სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ახალგაზრდა ვაჟი მივიდა მაცხოვართან და ეკითხება: რა გავაკეთო, რომ სასუფეველი დავიმკვიდრო?! უფალი ამბობს: შეიყვარე ღმერთი, ადამიანი, გიყვარდეს დედა და მამა, პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა. „ამას ყველაფერს ვასრულებო“.

 შემდეგ მაცხოვარი ეუბნება, რომ თუ გინდა სრულყოფა, წადი და გაყიდე შენი ქონება, დაურიგე გლახაკთა და შემომიდექი მე. სახარებაში წერია, რომ ეს ახალგაზრდა მაცხოვრისგან მწუხარე წავიდა, რადგან იყო მდიდარი და ვერ გაიმეტა თავისი ქონების დარიგება. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა არიან მდიდრებიც, გლახაკებიც, გაჭირვებულებიც. ადამიანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება, უნდა ჰქონდეს სულიერი ხედვა, შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვხედავდეთ გაჭირვებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ცხოვრება გავუადვილოთ“, – ბრძანა პატრიარქმა.