აქტუალური
უკრაინა საქართველოს “ჰიბრიდული ომების“ წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებს

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი.  საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით გეტმან პიოტრ საგაიდაჩნის სახელობის სახმელეთო ჯარების აკადემიის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი პავლო ტკაჩუკი იმყოფება. უკრაინულ დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.

 „ვაპირებთ, უკრაინელ კოლეგებს გავუზიაროთ ცოდნა ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელების გამოცდილება ჰიბრიდულ ომებთან დაკავშირებით. იგეგმება სტუდენტების და სამხედრო პედაგოგების გაცვლა ჩვენს სასწავლებლებში, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 „ჩემი ვიზიტის მიზანია, ინფორმაცია მივიღო თქვენი სამხედრო სასწავლებლების შესახებ. გარდა ამისა, სურვილი გვაქვს, შევისწავლოთ თქვენი გამოცდილება ნატოს სტანდარტებზე გადასვლის პროცესში და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა პავლო ტკაჩუკმა.