საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთი რიგ სფეროებში შეერთებული შტატებისთვის მრისხანე ოპონენტია. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორმა ჯონ ბრენანმა CBS News-თან განაცხადა.
თუმცა, მან ასევე აღიარა, რომ არსებობს გარკვეული კითხვები, რომელთანაც რუსეთთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით სირიის საკითხზე აუცილებელია. ჯონ ბრენანმა ასევე არ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დემოკრატიული პარტიის კომპიუტერულ სისტემებზე ჰაკერული თავდასხმების უკან რუსეთის კვალი ჩანს. ამავე დროს, მისი შეფასებით, შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ "ძალიან ფრთხილად" უნდა იყოს.
გამოცემა The New York Times-ის ცნობით, კონტრტერორისტულ საკითხებში, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანაშემწე, ლიზა მონაკო აცხადებს, რომ აშშ-ის ხელისუფლება დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სერვერებზე ჰაკერული შეტევების გამო, სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის შტაბის კომპიუტერულ ქსელზე კიბერშეტევა განხორციელდა.
აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კომპიუტერულ სისტემებზე თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. ანალოგიური შემთხვევა 29 ივლისსაც მოხდა, როდესაც ჰაკერებმა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი განყოფილების ვებ-გვერდზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს.