უცხოეთი
ავადმყოფობის გამო კლინტონმა კალიფორნიაში გამგზავრება გადადო (ვიდეო)

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. მისი ექიმის ლიზა ბარდაკის თქმით, კლინტონს ფილტვების ანთება აქვს და ის მკურნალობას გადის.

 ექიმმა ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც კლინტონმა 11 სექტემბრისთვის მიძღვნილი ცერემონია ნაადრევად დატოვა (ვიდეო იხ. აქ).

 ბარდაკის თქმით, კლინტონს პნევმონიის დიაგნოზი პარასკევს დაუსვეს და ის ანტიბიოტიკებს იღებს. ცერემონიაზე მომხდარი ინციდენტი კი დეჰიდრატაციამ გამოიწვია. მისივე თქმით, დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინტონი თავს კარგად გრძნობს, თუმცა მისი კამპანიის წარმომადგენლების თქმით, მას ორშაბათს და სამშაბათს კალიფორნიაში დაგეგმილი შეხვედრების გაუქმება მოუწია.

 შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.