სამართალი
„პაატა ბურჭულაძის პარტიის საარჩევნო სია პავლე კუბლაშვილისა და კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანების ზეწოლით შედგა“ – ხათუნა ლაგაზიძე

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძემ 2030.news-თან საუბრისას განაცხადა. როგორც პაატა ბურჭულაძის პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა აღნიშნა, ერთ ბლოკად გაერთიანება ყოფილ ნაციონალებთან ყველასთვის შოკი იყო და ბურჭულაძეს საკუთარი გუნდელებისთვის ბოლო წუთამდე არაფერი უთქვამს.

 „რასაც პაატა ბურჭულაძე ამ სიის სახით აკეთებს, არის უკვე ხალხის ინტერესების გაყიდვა, რადგან საკუთარ ზურგს ამოფარებულს მას შეჰყავს ნაციონალები და კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანების მიერ დაკომპლექტებული სია ცდილობს, რომ შეაპაროს პარლამენტში. სია შედგა ძირითადად პავლე კუბლაშვილისა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ზეწოლის ქვეშ.  ეს არის პაატა ბურჭულაძის შტაბის უფროსი გოგა კალაძე, ე.წ კალოშა, და კარგი იქნება, თუ მის საქმიანობას ჟურნალისტები შეისწავლიან. ის დღეს არის აჭარის უზენაეს საბჭოში პაატა ბურჭულაძის პარტიის სიის პირველი ნომერი“, - აღნიშნა ლაგაზიძემ.