საზოგადოება
JTEC-ის შტაბის შენობის მშენებლობა დაიწყო

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისის“ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის შენობის მშენებლობა დაიწყო. შტაბის შენობის საძირკველში კაფსულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩაუშვა.

 „დღეს საძირკველი ჩავუყარეთ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ახალ შტაბს. მინდა, ამ ცენტრის დაარსების ერთი წლისთავი  შეიარაღებული ძალების ყველა წარმომადგენელს მივულოცო. ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია იმ 13 ინიციატივიდან, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებშია გათვალისწინებული. ჩვენ დიდი ამბიცია გვაქვს, რომ პარტნიორებთან ერთად განვახორციელოთ მნიშვნელოვანი წვრთნები არა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებთან, არამედ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, რათა ერთად მოვემზადოთ ცალკეული ოპერაციების განხორციელებისთვის და ერთობლივად შევაფასოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები და უნარები“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისის“ ბაზაზე შარშან დაფუძნდა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა.