აქტუალური
გენერალი პეტრ პაველი: „ნატოსთვის საქართველო ძალიან სანდო პარტნიორია“

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი იმყოფება. ალიანსის პირველი სამხედრო პირი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო.

 გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალები განიხილეს.

 „საქართველოს ხაზგასმით გადაუხადეს მადლობა იმ კონტრიბუციისთვის, რასაც ავღანეთში და ზოგადად, ნატოსთან მიმართებაში ახორციელებს. ითქვა, რომ საქართველო გამორჩეული პარტნიორია ნატოს პარტნიორი ქვეყნებიდან. გენერალი გაეცნო რეგიონში არსებულ ვითარებას, იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსთან მიმართებაში დგამს“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 „ნატოსთვის საქართველო ძალიან სანდო და აქტიური პარტნიორია. ჩვენ 13 მთავარი მიმართულებით ვთანამშრომლობთ. ნოემბერში კი საქართველო ნატო-საქართველოს სწავლებას უმასპინძლებს. ნატოს პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს. საქართველოსთან ახლო თანამშრომლობით, რეფორმებზე ერთობლივი მუშაობით, ურთიერთთავსებადობის გაძლიერებით - საქართველო ნატოს სულ უფრო უახლოვდება“, - განაცხადა გენერალმა პეტრ პაველმა.