აქტუალური
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალურ მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე დახვდნენ.

 იენს სტოლტენბერგთან ერთად თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებიც ჩამოვიდნენ. დღესვე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

 ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი მკაფიო დემონსტრირებაა იმისა, რომ ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

 ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი პირველ შეხვედრას ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს. 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს დელეგაცია ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, შეხვედრებს გამართავს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, პარლამენტის წევრებთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.