აქტუალური
მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. საკანონმდებლო ორგანოში რეგისტრაცია 30-მა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისთვის კი  დარბაზში 76 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო. მე-8 მოწვევის პარლამენტს დღეს ბოლო პლენარული სხდომა უნდა ჩაეტარებინა.

 მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, სხდომაზე მათი წევრების არგამოცხადების მიზეზი წინასარჩევნო კამპანიის პერიოდი იყო.

 „ეს არ არის დივერსია, ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანიის პერიოდი“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 ოპოზიციის წევრები კი ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილის სხდომაზე არგამოცხადებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირებენ. დღეს პარლამენტს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის უნდა ეყარა კენჭი.

 "ის, რომ უკვე მეექვსედ ჩაიშალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცება, მეტყველებს როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის დამოკიდებულებაზე სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ასევე მათ დამოკიდებულებაზე საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ელიან სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას“,- განაცხადა ანა დოლიძემ.