საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. „მე შემიძლია მონაწილეობა მივიღო ან არ მივიღო არჩევნებში. თუ მონაწილეობას არ მივიღებ, მაშინ სახელმწიფოს სხვა მეთაურს აირჩევენ, სხვა პრეზიდენტს და მაშინ უკვე თავად მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვის უნდა მისცენ ხმა. მომავალი ლიდერი საკმაოდ ახალგაზრდა, თუმცა ზრდასრული ადამიანი უნდა იყოს“, – განაცხადა რფ–ის პრეზიდენტმა სააგენტო „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში, რომლის სრული ვერსიაც გუშინ გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, პირდაპირი ხაზის დროს ვლადიმერ პუტინს ყირიმის მცხოვრებლებმა დაუსვეს შეკითხვა, იყრის თუ არა კენჭს 2018 წელს. „ამაზე ნაადრევია საუბარი. ახლა იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, სად და როგორ ვიმუშავებთ, არამედ იმაზე, როგორ გავამართლოთ ხალხის ნდობა დღეს. იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება მუშაობა, გადაწყვეტილებას მივიღებ“, – უპასუხა მაშინ პრეზიდენტმა.