პოლიტიკა
ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

 ოთარ დანელიას სწორი მენეჯმენტის შედეგად მიღწეულია სერიოზული შედეგები, - ასე შეაფასა ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დანელიას საკანონმდებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია ევროპასთან საკანონმდებლო სივრცის ჰარმონიზაციის კუთხით და ოთარ დანელიას პარლამენტში ყოფნა ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

 „ეს დარგი (სოფლის მეურნეობა - რედ.) გახლავთ, ერთის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ხოლო მეორეს მხრივ, მას ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა აქვს, რადგან ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ამიტომ ყველა ეს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობას - მცირემიწიან ფერმერთა დახმარება საგაზაფხულო სამუშაოებში, შეღავათიანი აგროკრედიტი და .შ., თვისობრივად ცვლის ქვეყანაში ლანდშაფტს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 საქინფორმის პროგნოზით, ოთარ დანელია სათავეში ჩაუდგება საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტს 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ახალი ხელისუფლების პირველ სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძეს დააბრუნებენ.