საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ ენერგეტიკული პროექტი საბოლოო ჯამში რეალიზებული იქნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოცემა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობა თურქეთთან კონსტრუქციული დიალოგის გამართვას იმედოვნებს, მათ შორის „თურქეთის ნაკადის“ თაობაზეც.
„ვფიქრობ, რომ საბოლოოს ჯამში ჩვენ მის რეალიზებას მოვახდენთ, ყოველ შემთხვევაში პირველი ნაწილის, რომელიც სატრანსპორტო შესაძლებლობებსა და თურქეთის შიდა ბაზარზე მიწოდების გაზრდას ეხება, ამასთან, ევროპელი პარტნიორებისთვის ტრანსპორტირების შესაძლებლობითაც, თუკი ამას კვლავაც მოისურვებენ, თუკი ევროკომისია ამას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა პუტინმა. „ჩვენ ამ ნაკადის რეალიზებას ორი მიმართულებით ვაპირებთ, რომელთაგან ერთ-ერთი ევროპაში გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ამ პროექტის დაჩქარება ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ გაზსადენის პროექტი განხორციელდება.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა პროექტის რეალიზაციის მიახლოებითი ვადები დაასახელა. მისი თქმით, გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ პირველი ძაფის მშენებლობა შესაძლოა 2019 წლის დეკემბერში დასრულდეს.