სამართალი
საქართველოში სიკეთე დასჯადია - რიმა ბერაძე სურთ დააჯარიმონ, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს?!

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი რიმა ბერაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას არ ენდობა.

 „აუდიტის სამსახურმა  მიმართა სასამართლოს ჩემი დაჯარიმების მოთხოვნით. ჩემთან, როგორც პოლიტიკოსთან, სიკეთის კეთების გარდა, აუდიტის სამსახურს მეტი სადავო თუ არ აქვს,  ეს ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნა ბერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 პრესკონფერენციაზე აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ სამართალდარღვევათა ოქმი გამოიწერა საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძეზე, რომელმაც საჯარო სკოლების 40 პედაგოგს 4000 ლარის ღირებულების უფასო სამედიცინო გამოკვლევა  ჩაუტარა. მისივე თქმით, ინიციატორი რიმა ბერაძე უნდა დაჯარიმდეს 4 000 ლარით, ხოლო უშუალო ქველმოქმედი - არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი" ასევე - 4000 ლარით.

 რიმა ბერაძის თქმით, პროექტი, რომლის გამოც აუდიტის სამსახური ედავება,  იყო  უფასო სამედიცინო გამოკვლევა და არ იყო ერთჯერადი ღონისძიება.

 „აუდიტის სამსახური თურმე მოითხოვს, რომ დავჯარიმდე და ამ მოთხოვნით მიმართა სასამართლოს.  მე მჯერა სასამართლოსი,  დაველოდები სასასართლოს გადაწყვეტილებას  და მეც მივმართავ სასამართლოს“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.

 მაშასადამე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სურთ დააჯარიმონ „ქართული ოცნების“ ცნობილი სახე რიმა ბერაძე „მართლზომიერი ქმედებისთვის - მოსყიდვა“.

 საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, რომ მსგავს ინციდენტს უკვე ჰქონდა ადგილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მაშინ სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 80 მილიონით დააჯარიმა იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა სოფლების მოსახლეობას თანამგზავრული ანტენები აჩუქა, რათა მათ სახლებში ტელევიზია ჰქონოდათ და მიმდინარე მოვლენების კურსში ყოფილიყვნენ. მაგრამ თორდია სააკაშვილის ტოლი ფიგურა როდია და აქ მოცულობაც ნაკლებია - 4 ათასი და არა 80 მილიონი...

 საქინფორმი ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ ამ ქმედებებით უკვე მიყენებულია მორალური ზიანი რიმა ბერაძის - როგორც პოლიტიკოსის, ჩუღურეთის რაიონიდან (ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული!) საკრებულოს დეპუტატისა და თბილისის საკრებულოში მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერის რეპუტაციის შელახვისთვის. ერთმნიშვნელოვნად ადგილი აქვს „შავ პიარს“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წინასაარჩევნო პერიოდში.

 აქედან გამომდინარე, საქინფორმი ურჩევს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასა და პირადად რიმა ბერაძეს - არ დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შეიტანონ შესაგებებელი სარჩელი აუდიტის სამსახურისა და მისი ხელმძღვანელების წინააღმდეგ, რომლებმაც დიდი წინასაარჩევნო საჩუქარი გაუკეთეს „ნაციონალურ მოძრაობას“.