საზოგადოება
სექტემბრის ბოლოს ლევილში ხელი მოეწერება ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. 2016 წლის პირველ სექტემბერს პარიზში, საქართველოს საელჩოში შედგა ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის დასკვნითი ნოტარიული ხელმოწერის წინა შემაჯამებელი სხდომა, რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, მათ შორის, საქართველოს მხრიდან - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი,  საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ასევე - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე, ხოლო ფრანგული მხრიდან - ამხანაგობა „ქართული კერას“ წარმომადგენლები ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა, ელისო ტარასაშვილი, კომისიის წევრები მამულის მემკვიდრეთა ოჯახებიდან, ადვოკატი მეთიუ ჟიბერი და ლევილის მერი ერიკ ბრევი.

 მხარეები შეთანხმდნენ ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებებზე და ნოტარიულ აქტზე ხელმოწერისათვის წინასწარ მოსამზადებელ ტექნიკურ დეტალებზე.

 ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის ნოტარიულ აქტზე საბოლოო ხელმოწერის თარიღად სექტემბრის ბოლო დეკადა დასახელდა. ხელმოწერის ცერემონიალი ლევილის შატოს მამულში გაიმართება.