სამართალი
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 69-ე შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის საკითხი და მოითხოვეს მისი უმოკლეს ვადაში გათავისუფლება.

 საუბარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით გამოწვეულ ვითარებას შეეხო, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

 ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავების დროს განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და ცემის ფაქტებზე. შეხვედრაზე შეეხნენ მიმდინარე წლის 28 მაისს საქართველოს მოქალაქე ნიკა საღირაშვილის გაუჩინარების საკითხსაც.

 ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 28 სექტემბერს გაიმართება.