საზოგადოება
„არჩევნების წინ მერის გადადგომა აბსურდული მოთხოვნაა!“ – „მემარცხენე ალიანსი“

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. "მემარცხენე ალიანსი" არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას - აღნიშნული ინფორმაცია "მემარცხენე ალიანსის" გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა "პირველ პრესკლუბში" გააჟღერა.

 მისი თქმით, პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის ზოგიერთი კანდიდატი ქუთაისსა და თბილისში უკვე წარადგინა. უახლოეს პერიოდში კი იგეგმება აჭარის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების წარდგენა.

 შატბერაშვილის თქმით, "მემარცხენე ალიანსი" ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღდგეს და სავიზო რეჟიმი მოიხსნას.

 ამასთან, პარტიის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ თბილისის მერ დავით ნარმანიაზე თავდასხმა წინასაარჩევნოდ ქვეყანაში სიტუაციის არევას ემსახურება.

 “მერი რომ ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, იჩეხება ხეები, ამაში ვეთანხმები მერის ოპონენტებს, მაგრამ ის, რომ არჩევნების წინ მერი გადადგეს, აბსურდული მოთხოვნაა", - აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა "პირველ პრესკლუბში".