საზოგადოება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. კვლევის შედეგად, რომელიც 2016 წლის იანვარ-მარტის პერიოდს ეხება, 1000 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა.

 როგორც კვლევამ აჩვენა, იანვარ-მარტის პერიოდში აჭარას 42,7% ინდივიდუალური მოგზაური, ხოლო 35,2 % ჯგუფური მოგზაური სტუმრობდა. გაზრდილია ერთი ტურისტის მიერ რეგიონში 1 დღეში დახარჯული თანხის რაოდენობა, რაც საშუალოდ 451.15 ლარს შეადგენს. გამოკითხულთა 95%-ს სურვილი აქვს, აჭარას განმეორებით ეწვიოს.

 „ჩვენ მიერ ჩატარებული უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგები საშუალებას გვაძლევს, პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისას ქვეყნების მიხედვით გავითვალისწინოთ, თუ რეგიონის რომელ ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს გავუწიოთ პოზიციონირება კონკრეტულ ქვეყანაში და რა გზებით. გარდა ამისა, რა ტიპის პრობლემებს აწყდებიან ტურისტები რეგიონში სტუმრობისას და როგორ შეიძლება მათი მოგვარების გზების დაგეგმვა-განხორციელება“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.

 უცხოელ ვიზიტორთა კვლევის სამივე ეტაპის შედეგების ნახვა შესაძლებელია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის  ოფიციალურ ვებგვერდზე gobatumi.com.

 ინფოგრაფიკის სანახავად გადადით ბმულზე