პოლიტიკა
პრემიერმა კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინთან

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილმა მერსედეს ვერა მარტინს  მიულოცა საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა მიმართული იქნება პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ.

 შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის  წარმომადგენლებს გააცნო 4-პუნქტიანი რეფორმის სამთავრობო გეგმა, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას. აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

 მხარეებმა ისაუბრეს  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების მნიშვნელობაზე და განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები.