პოლიტიკა
„მე დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში!“ – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეთრიწყაროდან

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. „სპეციალურად თეთრიწყაროსთვის ტურიზმის განვითარების ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა შეიქმნება“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი წარადგინა.

 „ჩემს გაკეთებულ საქმეებზე მეტყველებს ჩემი წარსული. მე მოვდივარ ბიზნესიდან, თუმცა ბიზნესამდე არაერთ თანამდებობაზე ვმუშაობდი ძალოვან სტრუქტურაში. ასევე ვმუშაობდი ქვემო ქართლში სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე. კარგად ვიცი თქვენი გასაჭირი და პრობლემები. იმედი მაქვს, რომ ერთად შევძლებთ, თეთრიწყარო ვაქციოთ ერთ-ერთ წარმატებულ რეგიონად საქართველოში.

 მე დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში, ვიზრდებოდი ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, ბერძნების, უკრაინელებისა და რუსების გვერდით.  არ გამიჭირდება მათთან საერთო ენის გამონახვა. ხვალიდან ჩვენ დავიწყებთ მუშა შეხვედრებს ყველა საარჩევნო უბანში და ვისაუბრებთ თეთრიწყაროსა და გარდაბნის საჭირბოროტო საკითხებზე“, - აღნიშნა, თავის მხრივ, გოდერძი ჩანქსელიანმა.