აქტუალური
რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რიგით მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.

 როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი 18 აგვისტოს საყარაულო განწესის გეგმური შეცვლისას უგონო მდგომარეობაში იპოვეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში. ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

 ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ტვინში არატრამვული სისხლჩაქცევა გახდა. გარეგნული დათვალიერებით, სხეულს ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. საქმე აღძრულია სსკ 116 მუხლის 1 ნაწილით. საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი.