პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრს ფარუკ ჩელიკს შეხვდა

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფარუკ ჩელიკმა მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს თურქეთისთვის მძიმე წუთებში საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. საუბარი შეეხო  ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობას, გამოითქვა იმედი, რომ თბილისში მიმდინარე  საქართველო–თურქეთის ბიზნესფორუმი  ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას.

 „მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და ესწრებით საქართველოთურქეთის ბიზნესფორუმს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კუთხით არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა  მაქსიმალურად გამოვიყენოთ იგი, – აღნიშნა პრემიერმა.

 მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და  სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ.