დღეს მართლმადიდებლური სამყარო ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. 12 საუფლო დღესასწაულთაგან ფერისცვალება ერთ-ერთი უმთავრესია იგი უფალისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება, ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36) მახარებლები.
უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: “განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი”. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: “მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა” (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: “ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ” (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: “აღდეგით და ნუ გეშინინ” (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.
სახარებაში არსად არაა მითითებული, კერძოდ რომელ მთაზე ავიდა მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად. კირილე იერუსალიმელთან და იერონიმესთან გვხვდება ცნობა იმის თაობაზე, რომ ეს იყო თაბორის მთა. VI-VII საუკუნეებში მცხოვრები ზოგიერთი მოგზაური გვიდასტურებს, რომ მათი დროისათვის თაბორის მთაზე სამი ეკლესია იდგა თანახმად მოციქულ პეტრეს თხოვნისა, რომლითაც მან მაცხოვარს მიმართა.
თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება – ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით.
დიონისე არეოპაგელი ამის შესახებ წერდა, რომ ეს იყო წამიერი სამოთხე მოციქულებისათვის წუთისოფელში და მათ სურდათ, ამ მარადიული, ნეტარი სიხარულის განცდა არ დაეკარგათ. აღარ უნდოდათ, მიწიერ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ. ეს ენით აღუწერელი სიხარულის განცდაა და ასკეტი მამები, რომლებიც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ და უფლის მარადიულობას ჭვრეტენ, სწორედ ამ დიდი სიხარულისთვის ემზადებიან.
ყოველი მართლმადიდებლის მიზანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში უნდა იყოს ის, რომ მოიხვეჭოს სულიწმიდის მადლი, რათა ცხონდეს. ამის მიღწევა სხვადასხვა საშუალებებით შეიძლება. ზოგი სულიერ ფერისცვალებას იესოს ლოცვით მოიპოვებს. ყველაზე უმოკლესი გზა, ყველაზე დიდი სითბო, რაც კი შეიძლება არსებობდეს, არის თაბორის ნათელი, რომელიც სულიერ მამებს ეძლევათ და შემდეგ ცდილობენ, მოსწყდნენ ამ ყველაფერს და მხოლოდ უფალს ჭვრეტდნენ.
ყოველმა ქრისტიანმა უნდა მოიხვეჭოს ეს მადლი, ნათელი და ცდილობდეს, უფალთან იმ თანაზიარ სიხარულში შევიდეს, რომლითაც დღევანდელ დღეს აღვსილნი იყვნენ მოციქულები. ეს ყველაფერი კი მიიღწევა კეთილი საქმის კეთებით, ეკლესიური ცხოვრებით, გულწრფელი ლოცვით, აღსარებითა და ზიარების მიღებით.
ფერისცვალების დღესასწაულზე, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ლიტურღია აღევლინება და ტრადიციისამებრ, ხილის კურთხევა მოხდება. ეს რიტუალი სათავეს უძველესი დროიდან იღებს. ამით განიწმინდება ადამიანის ცოდვით შებილწული ხილი და დაიბრუნებს იმ სიწმიდეს, რომლითაც შემოსილი იყო ედემის ბაღში.
დავით დანელია
ტროპარი:
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდება შენი ძალისაებრ მათისა, და გამოგვიბრწყინვე ჩუენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
კონდაკი:
მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ ედვა მოწაფეთა შენთა, დიდება შენი უჩუენე, რაჲთა რაჟამს იხილონ ჯუარცმა შენი, გულისხმა-ჰყონ, ვითარმედ ვნება იგი ნებსით არს, და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალება მამისა.
ambioni.ge