აქტუალური
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება გონიოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

  საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა.

 სამძებრო ღონისძიებები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს.

 სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია“.

 საქინფორმი იტყობინება, რომ გუშინდელი დღიდან ძებნის ღონისძიებაში ჩართული არიან თურქეთის სპეციალური ავიაცია და სამხედრო–საზღვაო ქვედანაყოფები, ასევე ამერიკელი სპეციალისტები.