საზოგადოება
პუშკინის ქუჩაზე სააკაშვილის მიერ განადგურებული ორმხრივი მოძრაობა აღდგა! ახლა საქართველოსა და რუსეთს შორის „ორმხრივი მოძრაობის“ აღდგენის ჯერია

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. ესტაკადის გახსნამდე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, პუშკინის სკვერის მიმდებარედ შეკრებილებს სიტყვით მიმართა. თბილისის მერის ინფორმაციით, პუშკინის ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანს, მაჩაბლის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

 “განვახორციელეთ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის პროექტი, რომლითაც, ერთის მხრივ, 15-ზე მეტი ქუჩა განიტვირთება და საცობები აღარ იქნება, მეორეს მხრივ კი, შენარჩუნდა ის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც მიმზიდველია ტურისტებისთვის. ეს პროექტი ერთ-ერთია იმ 10 პროექტიდან, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ქალაქში მოძრაობის საცობებისგან განტვირთვის მიმართულებით”,- განაცხადა თბილისის მერმა.

 სამშენებლო სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP"-მ განახორციელა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,400,000 ლარი დაიხარჯა.

 საქინფორმი იმედს გამოთქვამს, რომ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის შემდეგ, რომელიც ანულირებული იყო სააკაშვილის მიერ რუსეთ–საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებთან ერთად, ორმხრივი მოძრაობა აღდგება დიდ გზაზეც, რომელზეც ალექსანდრე სერგეის ძე დადიოდა რუსეთიდან საქართველოში და უკან...