უცხოეთი
მედვედევი უკრაინასთან დიპურთიერთობების გაწყვეტას უშვებს

  საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრემიერ–მინისტრი უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

"რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, თქვენ იცით, რომ ისტორიაში ყველაფერი შეიძლება მომხდეს. შეგახსენებთ, რომ ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა“, - განუცხადა დიმიტრი მედვედევმა სოჭში ჟურნალისტებს.

"მე არ მინდა, რომ ეს ასე დასრულდეს", - დასძინა მან. მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტი იღებს.

10 აგვისტოს, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი დივერსანტთა ჯგუფი დააკავეს, რომლებიც ნახევარკუნძულზე თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ. რუსული მედიის ცნობით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი და რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპნენ.

ამის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება „ყირიმში ტერორზე გადადის“. მან ასევე ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ყირიმში შექმნილ ვითარებას ყურადღება მიაქციონ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური ყირიმში ტერორისტული თავდასხმის მომზადების ფაქტს უარყოფს.