საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთი შესაძლოა ნატოდან გავიდეს, თუ ალიანსი უარს იტყვის მისთვის მეტი დახმარების აღმოჩენაზე, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისივე თქმით, ნატოდან თურქეთის გასვლის შემთხვევაში ამის მიზეზი თავად ალიანსის შეცდომები და არა მოსკოვსა ან პეკინთან ანკარის დაახლოება იქნება.
ჩავუშოღლუმ აღნიშნული განცხადება თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას ნატოს მხრიდან არასაკმარისი დახმარების გამო გააკეთა. იგი ასევე ირწმუნება, რომ აღნიშნული ქმედებები შესაძლოა განხილული იქნეს, როგორც ანკარის განზრახვა, შეუერთდეს რფ–თან ახალ სამხედრო კავშირს.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კი თურქეთის წევრობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის პრესმდივნის, ოანა ლუნგესკუს განცხადებაშია ნათქვამი.
„თურქეთი ფასეული მოკავშირეა, მას არსებით წვლილი შეაქვს ნატო-ს ერთობლივ ძალისხმევაში. თურქეთი სრულიად მონაწილეობს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში იმ დროს, როცა ჩვენ უსაფრთხოების კუთხით უზარმაზარ გამოწვევებთან გვაქვს საქმე. თურქეთის წევრობა ნატო-ში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოანა ლუნგესკუ აღნიშნავს, რომ სამხედრო გადატრიალების ღამეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, რა დროსაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაგმო და თურქეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.