საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზიანებული ბორჯომის პარკი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ისტორიულ პარკს ეწვია და 4 აგვისტოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

 სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განმარტებით, ადგილზე 24-საათიან რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება.

 როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, 4 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ბორჯომის ისტორიულ პარკს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები, ძლიერმა ქარმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან. გზის გაწმენდითი სამუშაოებისთვის ახალციხიდან სპეციალური ტექნიკა გაიგზავნა. ამჟამად ბორჯომის პარკში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აღმოფხვრილია.