აქტუალური
"ამიერიდან ექიმებს რეცეპტის ელექტრონულად გაცემის საშუალება ექნებათ" - ჯანდაცვის მინისტრი

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. 11 აგვისტოდან ექიმს შეუძლია, დანიშნულება ელექტრონულად გასცეს, რისი მეშვეობითაც პაციენტი აფთიაქში მედიკამენტს მიიღებს.

 "სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება გადავა მთლიანად ელექტრონულ ჯანდაცვაზე, მისი პირველი სასწრაფო ეტაპი ახლა დაიწყება, ეს არის ელექტრონული რეცეპტი. მისი უპირატესობა, პირველ რიგში, არის ის, რომ მოიხსნება ქაღალდის ტარების საჭიროება, რაც დიდი კომფორტია, რადგან პაციენტს ექიმთან ვიზიტისას შეეძლება, მხოლოდ მისი სახელი-გვარით და პირადი ნომრით მისცეს საშუალება ექიმს, გაააქტიუროს მისი სრული დანიშნულება, ისტორია. რეცეპტი გამოიწერება ასევე ელექტრონულად და აფთიაქებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ ქსელში, მაშინვე ექნებათ წვდომა, პაციენტი ეტყვის მის პირად ნომერს და აფთიაქი გასცემს დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტს", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

 სერგეენკოს განმარტებით, რეცეპტის გაცემის მთლიანად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა დროს მოითხოვს, ამიტომ პირველ ეტაპზე შენარჩუნდება გაცემის ძველი, აქამდე არსებული მეთოდიც.