აქტუალური
მიტარბში ახალი საბაგირო შენდება

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. მიტარბში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, რაც ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხსეზონური სამთო კურორტის მშენებლობასა და განვითარებას გულისხმობს. სამშენებლო სამუშაოები გუშინ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი დიდ სიკეთეს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას და ბაკურიანს კიდევ უფრო განუმტკიცებს საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო კურორტის სტატუსს. მისივე თქმით, მომზადდება მიტარბის დასახლების განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც კურორტის 10-15-წლიანი განვითარების დეტალურ კონცეფციას განსაზღვრავს. გეგმის მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

მიტარბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის „დოპელმაიერის" საბაგირო. მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება.