საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი უკრაინას ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს. მოსკოვის მტკიცებით, ყირიმის საზღვართან უკრაინელმა სამხედროებმა დივერსიის მოწყობა სცადეს, რომლის შედეგად 2 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ერთი უკრაინელი დაკავებულია და სამართალდამცველებს აღიარებით ჩვენებას აძლევს.
მომხდარს ვლადიმერ პუტინი გამოხმაურა და განაცხადა, რომ მკვლელობას რეაგირების გარეშე არ დატოვებს.
კიევში თავდასხმის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელთა განცხადებით, ყირიმში მათი არცერთი თანამშრომელი არ დაუკავებიათ და მოსკოვის ბრალდებებს რუსეთის მხრიდან მორიგი მასშტაბური აგრესიის წინაპირობად აფასებენ.
რუსეთმა უკრაინასთან სასაზღვრო კონტროლი გააძლიერა. აღნიშნულის შესახებ rbc იუწყება.
მასობრივი თავშეყრის ადგილებსა და დასვენების ადგილებში მიღებული იქნა უსაფრთხოების დამატებითი ზომები. აგრეთვე მიღებულია "კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი" ადგილების გაძლიერების ზომები, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური იტყობინებოდა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე ტერაქტი იგეგმებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, მას დივერსანტთა ჯგუფი ამზადებდა. რუსული მედიის ცნობით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი და რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპნენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური ყირიმში ტერორისტული თავდასხმის მომზადების ფაქტს უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters უწყების ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
Интерфакс-Украина-ს ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველი იური ტანდიტი აცხადებს, რომ უკრაინა ყირიმის ძალის გამოყენებით დაბრუნებას არ ცდილობს.
"ეს არასწორი ინფორმაციაა", - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა სააგენტოსთან ინტერვიუში.