"საქინფორმის" მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ინტერვიუ გაზეთ „ასავალ-დასავალს“.
- ბატონო არნო, რატომ დაარქვა თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას დანიშვნას ბოლშევიზმი და პრემიერ კვირიკაშვილის მთავარი შეცდომა?
- იმიტომ, რომ თინას ციხეში მოხვედრის ეშინია! იზორია ხიდაშელის დანაშაულებს გამოიძიებს, ისევე, როგორც მინდია ჯანელიძემ მიჰყო ხელი თავისი წინამორბედის ირაკლი ალასანიას დანაშაულების გახსნას. მაშინ აშშ-ის ზეწოლით ჯანელიძე რომ არ მოეხსნათ, ყველაფერი „კაბელების საქმით“ არ დამთავრდებოდა და ალასანია დღეს ციხეში იჯდებოდა. ამიტომ იზორიამ ხიდაშელის მხილება და სამინისტროში წესრიგის დამყარება საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ორ თვეში უნდა მოასწროს, თორემ მერე, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრად სხვა დანიშნონ.
- ხიდაშელის თქმით, დღეს „სუს-ი თავზე დაასვეს თავდაცვის სამინისტროს“, რაც დაუშვებელია, იმიტომ რომ ეს „სამოქალაქო სტრუქტურაა“, რომელსაც სამხრეებიანი ადამიანი არ უნდა ხელმძღვანელობდეს. „სამოქალაქო გახსნილი პოლიტიკოსი ალასანია ერთხელ უკვე ჩაანაცვლეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორ ჯანელიძით, დღეს კი სიტუაცია, როცა სპეცსამსახურების საკადრო თანამშრომელი სათავეში ჩაუდგა თავდაცვის სამინისტროს, განმეორდა!“, – განაცხადა ხიდაშელმა. ალასანია „სამოქალაქო პირი“ კი არა, ორი სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო: საქართველოს სუკ-ის გენერალი და აშშ-ის „ცეერუს“ სადაზვერვო სკოლის კურსდამთავრებული. აი, ჯანელიძე კი, სხვათაშორის, თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე თითქმის ერთი წელი სამოქალაქო თანამდებობებზე მუშაობდა — საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უშიშროების საკითხებში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად.
ყველას, ვისაც იზორიას სამხრეები აშფოთებს, შევახსენებ, რომ თავდაცვის ყველა სამოქალაქო მინისტრი — სააკაშვილის დროიდან მოყოლებული, ხიდაშელის ჩათვლით — კრიმინალი იყო! ოქრუაშვილი, ბარამიძე, კეზერაშვილი და ახალაია კადრის სამხედროები და ჩეკისტები არ ყოფილან — ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ, რომლებიც ქართულ ჯარს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ სპეცოპერაციებში საკუთარი პოლიტიკური და კარიერული მიზნებისთვის იყენებდნენ, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში საომარ პროვოკაციებს აწყობდნენ, იარაღით ვაჭრობდნენ, ბიზნესმენებს არეკეტებდნენ, უკანონო კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ, ხაზინას უმოწყალოდ ქურდავდნენ, გარდა ამისა, ისინი მხილებული არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ისე სამოქალაქო მოსახლეობის წამებასა და მკვლელობაში.
- სხვათაშორის, ალასანია და ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას თავს უფლებას აძლევდნენ, შეურიგებელ ოპოზიციაში ჩასდგომოდნენ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას თავიანთი პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ...
- დიახ, ისინი სჩადიოდნენ როგორც ანტისახელმწიფოებრივ, ისე მთავრობის წევრისათვის შეუფერებელ ამორალურ საქციელს, თაღლითობდნენ არჩევნებზე და სხვა ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობდნენ, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აწვდიდნენ. სწორედ საქართველოს თავდაცვის მთავარ უწყებაში შექმნილმა საგანგაშო ვითარებამ აიძულა პრემიერები ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი, თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში ისეთი პროფესიონალებით განემტკიცებინათ, როგორებიც ჯანელიძე და იზორია არიან.
- მაგრამ ხიდაშელი გვპირდება, რომ ეს დანიშვნა დასავლეთელი პარტნიორების მძაფრ უკმაყოფილებას გამოიწვევს...
- და ის ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს, იმიტომ რომ ხიდაშელი და მისი ქმარი ოფიციალურად გადავიდნენ მუშაობის ანტისახელმწიფოებრივ ძირგამომთხრელ რეჟიმზე, რომელსაც წინასაარჩევნო ბრძოლით ამართლებენ. სინამდვილეში ხიდაშელს სურს, არმიაში საბოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვიოს, მისთვის სასურველია — სამხედრო ამბოხიც, როგორც თურქეთში; ის ცდილობს, დასავლეთის თვალში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნდობით აღჭურვილი პირების — ექსპრემიერი ღარიბაშვილის და მოქმედი პრემიერი კვირიკაშვილის დისკრედიტაცია მოახდინოს და ისინი რუსეთის ხელშეწყობაში დაადანაშაულოს; დაბოლოს, სოროსის, სააკაშვილისა და მათი მეგობრების — ამერიკელი კონგრესმენების მცირე ჯგუფის დახმარებით მოასწროს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, ანუ 9 ნოემბრამდე. ეს იქნება ახალი „ვარდების რევოლუცია“ სამხედრო კომპონენტით, ვინაიდან 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი რესპუბლიკურ პარტიას არ გააჩნია.
ვიმეორებ: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უნდა იყოს არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო ორგანიზაცია, რომელსაც უნდა ხელმძღვანელობდნენ არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო პირები. ხიდაშელს ძალიანაც უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო, გადაექცია ის არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო ოფისად, სოროსის ფონდის ფილიალის მსგავსად. ამ მიზნით მან საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ბაზაზე გადაყვანა სცადა — ბრძანებით გააუქმა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, რათა გაენადგურებინა ქართული ჯარი, როგორც ასეთი, და ახალწვეულების საბრძოლო მომზადებით, აღჭურვილობითა და კვებითაც არ შეეწუხებინა თავი. კონტრაქტორების მოსამზადებლად კი მან ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი შექმნა, რათა შემდეგ ისინი ნატო-ს ოპერაციებში დაქირავებულ მებრძოლებად გაეგზავნა.
გარდა ამისა, ხიდაშელს ქართული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ლიკვიდაცია სურდა, რის გამოც დაფინანსება შეუწყვიტა და ხელმძღვანელობა გამოუცვალა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ — ქართულ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებას, რომელმაც შორს გაითქვა სახელი თავისი უნიკალური პროდუქციით, ჯავშანჟილეტებით დაწყებული, საარტილერიო დანადგარებითა და ჯავშანმანქანებით დამთავრებული.
- და მაინც, რომელ ძალებს შეუძლიათ ხიდაშელის მხარდაჭერა?
- ხიდაშელის ხშირი ვიზიტები თურქეთსა და პანკისში მიზნად ისახავდა პანკისის ხეობაში გადაბირებული ახალგაზრდების სირიაში გადაყვანის ორგანიზებას თურქეთის ტერიტორიის გავლით. ხიდაშელის მიერ ქართულ არმიაში საკონტრაქტო სამსახურისთვის „დავერბოვკებული“ პანკისელები, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ, სწორედ სირიაში უნდა გადაესროლათ, ვითომდა ტერორიზმისა და ქურთების წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ სირიაში პანკისელები თავისი იარაღიანად ისლამური სახელმწიფოს მხარეს გადავიდოდნენ — თავიანთ თანამემულეებთან თარხან ბათირაშვილის მეთაურობით. პანკისში დაბრუნებული ბოევიკები ხიდაშელის მადლიერები იქნებოდნენ და მის ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებდნენ. თქვენი გაზეთის მკითხველს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ პანკისის ხეობის მკვიდრთა გამოყენება როგორც ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის მიზნით, ისე რუსეთის წინააღმდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის ნაცადი მეთოდი გახლდათ, განსაკუთრებით - ყველა არჩევნების წინ!
თურქეთში სამხედრო გადატრიალების ჩაშლის შემდეგ ხიდაშელის სქემა დაირღვა, მიუხედავად ამისა, ხიდაშელს, როგორც ჩანს, მაინც აქვს პანკისში თავისი კავშირების იმედი. შემთხვევითი არ გახლავთ, რომ აშშ-ში ბოლო ვიზიტიდან დაბრუნებული, ის თვითმფრინავიდან მუსლიმანი ქალის სტილში გამოწყობილი ჩამოვიდა, ხოლო თავდაცვის სამინისტროდან წასვლისას ქვეცნობიერად წამოცდა „იმედთან“ ინტერვიუში, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი შაჰიდი ქალის ქამარს უნდა ატარებდეს, თუკი რაიმეს მიღწევა უნდა... და მისი გადადგომაც შემთხვევით როდი დაემთხვა დუისის მკვიდრი ვახტანგ ხანგოშვილის მიერ ინტერნეტში გავრცელებულ ტერაქტის მუქარას.
- ორი კვირის წინათ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ ხიდაშელს, თურქი ამბოხებულებისგან განსხვავებით, სამხედრო გამოცდილება არა აქვს, მაგრამ ხელი მიუწვდება სახელმწიფო საიდუმლოებებზე და შეუძლია, ეს ინფორმაცია ქართული სახელმწიფოს, პარტია „ქართული ოცნების“, მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ გამოიყენოს, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ასევე შეუძლია, ის სხვა დაინტერესებულ ქვეყნებს, მაგალითად, რუსეთს მიჰყიდოს.
- და მართალი აღმოვჩნდი — ხიდაშელმა „ასავალ-დასავალი“ წაიკითხა და საკუთარი თავის მიმართ ეჭვები რომ აეცილებინა, მისი თხოვნით, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა კალანდაძემ განაცხადა, რომ 2014 წელს, როცა თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე იყო, ტრისტან წითელაშვილმა „რუსებს განსაკუთრებით გასაიდუმლოებული სამხედრო მიწისქვეშა ობიექტების ფოტოები გადასცა“. სინამდვილეში არც წითელაშვილი, არც ჯანელიძე რუსეთის სასარგებლოდ არ ჯაშუშობდნენ, მაგრამ მათ „გაუფრთხილებლობით“ გახსნეს სააკაშვილის მიერ დანიშნული კალანდაძის სამსახურებრივი დანაშაულები, იმ კალანდაძის, 2012 წლიდან ყოფილ ქართველ სამხედროებს უკრაინაში „ქართულ ლეგიონში“ სამსახურისთვის რომ ქირაობს, რომელზეც ხიდაშელი დიდ იმედებს ამყარებს.
- და ბოლო შეკითხვა: გადადგომის დღეს ხიდაშელმა ინგა გრიგოლიას ტელეგადაცემაში ქართული ძალოვანი სტრუქტურები დაადანაშაულა, თითქოსდა მათ დიდი ხანია, იციან ფარული ვიდეოჩანაწერების გამავრცელებლის IP-მისამართი, მაგრამ დამნაშავეს ხელს აფარებენ. და რომ მას ამასთან დაკავშირებით საკმაო ინფორმაცია აქვს...
- საინტერესოა — საიდან? მიშასგან და მისი ყოფილი დამნაშავე ძალოვანებისგან ხომ არა?! და რატომ აინტერესებს ხიდაშელს მხოლოდ გამავრცელებელი და არა ფარული ვიდეოთვალთვალის დამკვეთი და ტექნიკური შემსრულებელი? იმიტომ ხომ არა, რომ კვალი მის პოლიტიკურ თანამოაზრესთან — ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან მიდის?!
თინა ხიდაშელი რომ არა, ფარული ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ცნობილი ქართველი პოლიტქალები ქმრებს ღალატობენ, აღარც არავის გაახსენდებოდა, მითუმეტეს, რომ ინტერნეტში მათი ნახვა არცთუ ბევრმა ადამიანმა მოასწრო! იმის ნაცვლად, რომ ერთხელ გასცინებოდა და სამუდამოდ დადუმებულიყო, ან განეცხადებინა, რომ კადრები გაყალბებულია, ხიდაშელი გაუგებარი დაჟინებით შეგვახსენებს მათ! ამით თინა ხიდაშელი ამ ვიდეოების სწორედაც რომ ნამდვილობას ადასტურებს, მაგრამ ის ყველაფერზე წავა, ოღონდ ივანიშვილი და ქართული სპეცსამსახურები კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ამხილოს! ამნაირი განცხადებებით ხიდაშელი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ შსს-ს, სუს-ის და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელები ივანიშვილის კონტროლს ექვემდებარებიან და მისი მითითების გარეშე ნაბიჯსაც არ დგამენ!
ამასთან, ამ ქალმა სირცხვილი სულ დაკარგა და ქმრის რეპუტაციაზე ან უკვე წამოზრდილ ვაჟიშვილებზე საერთოდ არ ფიქრობს...
თუმცა, ხიდაშელის ქმარი, როგორც ჩანს, დისკომფორტს სულაც არ განიცდის — ამბობენ, რომ როდესაც ხიდაშელმა ვიწრო წრეში განაცხადა, ჩავარდნის შემთხვევაში შვილებთან ერთად ოდესაში ან აშშ-ში წავალო, დავით უსუფაშვილმა მასთან ერთად გამგზავრებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას უმიზნებს. ხმები დადის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ რომანი გააჩაღა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარესთან ხათუნა სამნიძესთან და მისი მიტოვება არ სურს. რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიაშიც კი უსუფაშვილის შემდეგ მეორე ნომერი ხიდაშელი კი არა, სწორედ სამნიძეა...
ესაუბრა ირინა გოგოლაშვილი
2016 წლის 8 აგვისტო
„ასავალ - დასავალი“ №32