საზოგადოება
თემურ შაშიაშვილს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სკანდალის აგორებაში ადანაშაულებენ

inashvili„საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრების თქმით, ლევან გაჩეჩილაძე და ნინო ბურჯანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული ცნობილი სკანდალური მასალების ხაფანგში მოძრაობა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა შეიტყუა. შესაბამისი ბრალდება „საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერებმა: ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა მედიაკავშირ „ობიექტივის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე თემურ შაშიაშვილს პირადად წაუყენეს.

დავით თარხან-მოურავის განცხადებით, შაშიაშვილმა სკანდალური მასალების ავტორ ჯაბა ხუბუას ინფორმატორის ვინაობა სტატიის გაზეთში გამოქვეყნებამდე სამი დღით ადრე იცოდა.

„აქ საუბარია მეორე სტატიაზე, რომელშიც დასახელდა, რომ ჟურნალისტის ინფორმატორი ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე იყო. სტატია გამოქვეყნდა ორშაბათს, თუმცა პარასკევს, სამი დღით ადრე, შაშიაშვილმა ლაშა ჩხარტიშვილს, ალექსანდრე შალამბერიძეს, ვახტანგ ბეგიაშვილს და ჯაბა ჯიშკარინს უთხრა, რომ მასალების ავტორი ბადრი ბიწაძე იყო. საინტერესოა, საიდან იცოდა სტატიის გამოქვეყნებამდე შაშიაშვილმა ეს ინფორმაცია?“ – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

მისი თქმით, ეჭვს აძლიერებს ის ფაქტი, რომ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ,,ასავალ-დასავალის’’ მეორე სკანდალური სტატიის გამოქვეყნებამდე მედიაკავშირ „ობიექტივში“ იყო მისული, სადაც, როგორც ჟურნალისტი, დაცვას ითხოვდა, მაგრამ მას ბადრი ბიწაძის შესახებ არაფერი უთქვამს.

თავად შაშიაშვილი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბადრი ბიწაძის შესახებ ინფორმაცია მას თავად ჟურნალისტმა ხუბუამ უთხრა. „მე დავურეკე ხუბუას და ვუთხარი, რომ ეს იყო ცუდი მასალა და ამის გამოქვეყნება ოპოზიციურ პროცესებს არ წაადგებოდა. ასევე ვუთხარი, რომ გარკვეული პირები აღნიშნული მასალების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას მე მაბრალებდნენ და, თუ ხუბუა რეალურ წყაროს არ დაასახელებდა, მე მისთვის ძალიან მძიმე განცხადებას გავაკეთებდი. მან მითხრა, რომ მასალების ავტორებისაგან ნებართვა ჰქონდა აღებული და ყველაფერს ორშაბათის გაზეთში დაწერდა. სწორედ აქედან ვიცოდი ბადრი ბიწაძის შესახებ ჯერ კიდევ პარასკევს“, – განაცხადა შაშიაშვილმა.

შაშიაშვილის მიერ დასახელებული ვერსიით, „საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრებს არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის სკანდალის მთავარი მოქმედი პირი სწორედ მოძრაობა „თეთრების“ ლიდერია.

„გაუგებარია, რატომ გითხრათ ხუბუამ ინფორმატორის ვინაობა თქვენ, ჩვეულებრივ პოლიტიკოსს, და არა ჩვენ, მედიაკავშირ „ობიექტივს“, ვისგანაც დაცვასა და დახმარებას ითხოვდა“, - აღნიშნა თარხან-მოურავმა.