საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. სირიაში საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშების შედეგად, რომელსაც სათავეში აშშ უდგას, ბოლო კვირის განმავლობაში ათობით მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. ამის შესახებ 2 აგვისტოს გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევგენი ზაგაინოვმა განაცხადა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, - იუწყება რია ნოვოსტი.
„დამთრგუნველია სიტუაცია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რიგ ქვეყნებში. მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში სირიაში კოალიციის ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა ათობით სამოქალაქო მცხოვრები, ბავშვებისა და ქალების ჩათვლით“, - განაცხადა დიპლომატმა.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 ივლისს კოალიციის მიერ დაბომბილ სოფელ განდურაში დაიღუპა 45 მშვიდობიანი მცხოვრები და დაიჭრა 50. 19 ივლისს საერთაშორისო კოალიციამ იერიში მიიტანა სოფელ ტუჰან-ალ-კუბრაზე, რომელმაც 300 კაცი იმსხვერპლა, 100-ზე მეტი მცხოვრები კი დაიჭრა.
14 ივლისს სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაიერიშები არაკანონიერი, არასერიოზული, არაეფექტიანი და კონტრპროდუქტიულია და სწორედ რუსეთის დახმარებამ ტერორიზმთან ბრძოლაში უზურუნველჰყო გარდატეხა საბრძოლო მოქმედებებში.