აქტუალური
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. შეხვედრაზე გაგრძელდა 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე „მესაზღვრის" მიერ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის განხილვა. ქართულმა მხარემ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ამ ეტაპზე აფხაზური მხარე უარს აცხადებს და მისი მხრიდან ადგილი აქვს საკითხის პოლიტიზების მცდელობას.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების

პრობლემები. ქართული მხარის ინფორმაციით, არსებობს მინიშნებები გარკვეული სახის პროვოკაციული ქმედებების შესახებ, რამაც შესაძლოა, ადგილზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხზე.