საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ცრუობს.
„ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. მას პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება აკრძალული აქვს. გარდა ამისა, ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ბატონი სააკაშვილი ცდილობს, რეპუტაცია შეულახოს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და ავტორიტეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლის როლი მნიშვნელოვანია საარჩევნო პერიოდში. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ტყუის, როდესაც ის ამბობს, რომ მან საკუთარი ნებით არ დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ, როდესაც იღებდა უკრაინის მოქალაქეობას, ბუნებრივია, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ის დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა განცხადებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაჯარიმებას ითხოვს. საია-ში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება არა აქვს, წინასაარჩევნო აგიტაცია აწარმოოს და ეს ქართული კანონმდებლობის დარღვევაა.