აქტუალური
„ზოგიერთებმა ბოლშევიზმად ჩამითვალეს მოწოდებები, მეტად აღარ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს...“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებსაც თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია წარუდგინა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლევან იზორია არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი, რომელიც, სამთავრობო და სამინისტროს გუნდთან ერთად, განაგრძობს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს.

 „თავდაცვის სამინისტრო უნდა იყოს მაქსიმალურად შორს პოლიტიკური დაპირისპირებებისგან. საერთოდ, მგონია, რომ ქვეყანაში ეს დაპირისპირებები უნდა დასრულდეს. რატომღაც ზოგიერთებმა ჩემი ასეთი მოწოდებები, რომ ერთმანეთს აღარ დავუპირისპირდეთ, ბოლშევიკურად ჩათვალეს, მაგრამ მგონია, ყველა თქვენგანი დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ არის. მე მინდა, ჩვენი ქვეყანა დამშვიდდეს, დაწყნარდეს, დამთავრდეს ქვეყნის პოლარიზაცია და მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და თავდაცვის უწყება არის ის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა. სწორედ ის უნდა იყოს ყველასთვის იმის მაჩვენებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევანი ძალიან წარმატებით გაუძღვება ამ საქმეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი თავდაცვის სისტემის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმირებას მოვახდენთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.