უცხოეთი
ანკარაში ეჭვობენ, რომ გიულენმა შესაძლოა აშშ დატოვა

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. თურქმა ოპოზციიონერმა, მუსლიმმა ღვთისმსახურმა ფეთჰულა გიულენმა შესაძლოა, აშშ დატოვა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაცია მიიღო.

ტელეკომანია Haberturk-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მინისტრმა განაცხადა, რომ ფეთჰულა გიულენი შესაძლოა ავსტრალიაში, მექსიკაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკასა ან ეგვიპტში გაიქცა. ამასთან, ოფიციალური ქაირო აცხადებს, რომ გიულენს ეგვიპტისთვის თავშესაფარი არ უთხოვია.

აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და ვაშინგტონს მის ექსტრადირებას სთხოვს. თუმცა თავად მუსლიმი ღვთისმსახური ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.