აქტუალური
„ვერცერთი მოსამართლისგან ჯერ ვერ მოვისმინეთ, რა ტიპის, სად, ვის მიერ, რამდენჯერ და რა მიზნით ხორციელდება ე.წ. ზეწოლები“ – თეა წულუკიანი

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

 „მიხარია და მივესალმები იმ ფაქტს, რომ მოსამართლეებმა საგამოძიებო ორგანოებს მისცე საშუალება, მიიღონ ინფორმაცია, რომელზეც სავარაუდო ზეწოლის სახით საუბრობს ბატონი გიორგი პაპუაშვილი. დღემდე ჩვენ ვერ მოვისმინეთ  ვერცერთი მოსამართლის განცხადება, თუ რა ტიპის, სად, ვის მიერ, რამდენჯერ და რა მიზნით ხორციელდება .. ზეწოლები“, - განაცხადა წულუკიანმა.

 “დიდი იმედი მაქვს, გიორგი პაპუაშილიც, მისი კოლეგების მსგავსად, მივა საგამოძიებო ორგანოში, რადგან, როგორც ჩანს, ის არის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი ადამიანი, ვინც უნდა ფლობდეს იმ ინფორმაციას, რომელზეც საჯარო განცხადებებს აკეთებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 იუსტიციის მინისტრმა კომენტარი გააკეთა პრემიერისა და გიორგი პაპუაშვილის შეხვედრის თაობაზეც.

 „პრემიერმა კიდევ ერთხელ სთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ ნებისმიერი კონკრეტული ინფორმაცია, რაც მას გააჩნია, აუცილებლად მიაწოდოს საქართველოს პროკურატურას, რაც იმედია, მოხდება კიდეც”, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.