პოლიტიკა
პრემიერმა კვირიკაშვილმა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შს მინისტრის მოქმედი მოადგილე წარადგინა

  საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. პრემიერმა კვირიკაშვილმა გურიაში „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურების წარდგენა დაასრულა. „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” ოზურგეთში - არჩილ თალაკვაძე, ხოლო ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში თემურ ჭკუასელი წარმოადგენს.

 “არჩილ თალაკვაძე გუნდის ერთ-ერთი ახალი სახეა. ამჟამად იგი გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში და ოზურგეთელები მისით იამაყებენ. თემურ ჭკუასელი პარლამენტის წევრია. ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია.დარწმუნებული ვარ, ჩოხატაურელები და ლანჩხუთელები გამოუცხადებთ ნდობას და მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას”, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა.

 „ქართული ოცნებაა“ სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია საზოგადოების გაერთიანება უმთავრესი პრინციპების გარშემო. მე მაქვს ჩვენი ხალხის გონიერების იმედი, რომ ამ ძალას ხედავს ჩვენში, და ამიტომაც მჯერა, რომ ჩვენს კანდიდატებს ექნებათ ხალხის მხარდაჭერა  და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.