პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრმა ჩხოროწყუსა და მარტვილში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

  საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და მარტვილში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოქმედი გამგებელი გოგა გულორდავა დასახელდა, ხოლო მარტვილში პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია წარუდგინა მოსახლეობას. წინასაარჩევნო შეხვედრებზე პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა დასახელდა.

“ყველა კანდიდატი არის ძალიან ღირსეული. მათ აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება, ძალიან კარგი აღქმა ადგილობრივი პრობლემების და უნარები, რაც სჭირდება ამ პრობლემების მოგვარებას. მათ ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.